ტვინის შერყევის შესახებ

რა არის ტვინის შერყევა?

ტვინის შერყევა არის თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, რაც იწვევს ტვინის ფუნქციის მოშლას. ტვინის შერყევის მრავალი სიმპტომი არსებობს, მათ შორის კი ყველაზე ხშირად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება ან წონასწორობის პრობლემები გვხვდება.

გონების დაკარგვა, ნოკაუტში ჩავარდნა, ტვინის შერყევათა 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვითარდება. გონების დაკარგვა არ არის აუცილებელი პირობა ტვინის შერყევის დიაგნოზის დასასმელად.

როგორც წესი, ტვინის სტანდარტული სკანირებები ნორმალურია ხოლმე.

რა იწვევს ტვინის შერყევას?

ტვინის შერყევა შესაძლოა განვითარდეს თავზე მიყენებული პირდაპირი დარტყმის გამო, მაგრამ ასევე მაშინ, როცა სხეულის სხვა ნაწილზე მიღებული დარტყმა იწვევს თავის მკვეთრ მოძრაობას, მაგალითად ე.წ. whiplash ტიპის ტრავმები (თავისა და კისრის მკვეთრი უკან გადაქნევის მსგავსი).

ვინ არის რისკის ქვეშ?

ტვინის შერყევა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. თუმცა ბავშვი და მოზარდი სპორტსმენები:

  • უფრო მიდრეკილნი არიან ტვინის შერყევისადმი
  • უფრო ხანგრძლივ გამოჯანმრთელების პერიოდს საჭიროებენ
  • გამოხატავენ მეხსიერებისა და მენტალური ანალიზის უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს
  • უფრო მიდრეკილნი არიან იშვიათი და საშიში ნევროლოგიური გართულებებისადმი, მათ შორის პირველადი ან მეორადი დარტყმისგან გამოწვეული ლეტალური დასასრულისადმიც

წლის განმავლობაში მიღებული ორი ან მეტი ტვინის შერყევის შემდეგ, სპორტსმენები ტვინის კიდევ უფრო მეტად დაზიანებისა და ნელი გამოჯანმრთელების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგებიან. ამიტომ, თამაშში დაბრუნებამდე აუცილებელია რომ გასინჯულ იქნან ტვინის შერყევის მართვაში გამოცდილი ექიმ-სპეციალისტის მიერ.

სიმპტომების განვითარება

აღსანიშნავია, რომ სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ მომენტში, მაგრამ როგორც წესი, გამოაშკარავდება ხოლმე თავის ტრავმის მიღებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში.